წითელი ჯვრის ცხელი ხაზი მზადაა დასახმარებლად

ელენე რეხვიაშვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების კოორდინატორი, ცხელი ხაზის მენეჯერი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ჩემს კოლეგებთან ერთად, მეც საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. მრავალი საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა გვიწევდა და გვევალებოდა, მაქსიმალურად ეფექტურად გვემოქმედა – ჩვენი მხარდაჭერის მიღმა არავინ უნდა დარჩენილიყო.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში სწორედ მაშინ გავწევრიანდი, როცა პანდემია დაიწყო. იმ დროს ცხელი ხაზის მენეჯერი გახლდით და ჩემი მოვალეობა, ისევე როგორც ცხელი ხაზის ოპერატორებისა, იყო კრიზისზე მყისიერი რეაგირება; ჩვენი მოქალაქეებისთვის ონლაინ ფსიქო-სოციალური დახმარება. წითელი ჯვრის ცხელი ხაზი იყო შესაძლებლობა, სადაც დარეკავდით და ადეკვატურ გამოსავალს მოიძიებდით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს წითელი ჯვარი – სრული ძალითა და შემადგენლობით – ველზე გავედით, რათა დროულად გვეპასუხა ყველა იმ გამოწვევისთვის, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება პანდემიის პირველ ეტაპზე აღმოჩნდა.

როგორც ცხელი ხაზის ოპერატორები, ჩვენ ჩართულები ვიყავით სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებთან აქტიურ კოორდინაციაში, რათა გვეპოვა საუკეთესო გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გვირეკავენ სოციალური ან ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად. ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრამდე ტრანსპორტირებაში ვეხმარებოდით; სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო გზებს ვთავაზობდით; საჭიროების შემთხვევაში, მათ ფსიქოლოგთან უფასო კონსულტაციაზე ვამისამართებდით და ა.შ.

პანდემიის პირველი ტალღის დროს, წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე სულ რვა ოპერატორი ვმუშაობდით და დღეში დაახლოებით, 180-200 ზარს ვიღებდით.  

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდი რეგულარულად ვიკრიბებოდით. გუნდის წევრებს შორის აღნიშნული შეხვედრები და დისკუსიები სტრესის დაძლევაში ძალიან დაგვეხმარა. ეს იყო შესაძლებლობა, კოლეგებს ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება თუ ემოციები; მიგვეღო რეკომენდაციები რთულ შემთხვევებზე, ასევე განახლებული ინფორმაცია კოვიდის შესახებ და ა.შ. ამგვარმა მიდგომამ დიდი როლი შეასრულა ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებაში.

ბევრი ემოციური ზარი მახსოვს, მართლაც მტკივნეული ფაქტებით, მაგრამ იყო ერთი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გვირეკავდა მარტოხელა ახალგაზრდა ქალი, რომელიც რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით ცხოვრობდა და იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში – შიმშილით დაღლილი, გაჭირვებით გადმოგვცემდა სათქმელს. დეტალების გახსენება დღემდე ძალიან მიჭირს… საბედნიეროდ, საჭირო ადგილას დარეკა. საქართველოს წითელმა ჯვარმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და მისი დახმარება უმოკლეს დროში შევძელით.