მოხალისეობას მოაქვს ბედნიერება


დათო თოდუა
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
სამტრედიის ფილიალი

იყო მოხალისე ნიშნავს სიკეთის კეთებას – და ამას ყოველთვის მოაქვს ბედნიერება. მოხალისეობა, ჩემი აზრით, არის შთაგონება, რომ შენში საჭირო ენერგია და ძალა იპოვო, ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.
ვფიქრობ, მოხალისეობა არის ის, რაც გადაარჩენს სამყაროს.

2017 წლიდან ვმუშაობ მოხალისედ.

პანდემიის დასაწყისი ეტაპი, როდესაც საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმძიმეს მოგონებად დარჩა. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და მახსოვს, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მქონდა, რაც მაწუხებდა და მაფორიაქებდა.
საბედნიეროდ, წითელმა ჯვარმა მალევე გამომიძახა ტრენინგებზე – ორგანიზაციამ მოხალისეთა მზაობის პროგრამა დაიწყო. ამ შეხვედრებიდან ღირებული ინფორმაცია და ბევრი ამომწურავი პასუხი მივიღე პანდემიაზე, ინფექციის გავრცელების პრევენციის გზებზე. მალე ჩემი შიშები და უარყოფითი ემოციები მთლიანად გაქრა.
ამ დღის შემდეგ, სხვა მოხალისეებთან ერთად, მეც გავედი ველზე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის კრიტიკულ პერიოდებში მთელი დატვირთვით ვიდექი ფრონტის ხაზზე.

წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალი მუდმივ კავშირში იყო ჩვენი ქალაქის მუნიციპალიტეტთან და ინტენსიურად ვიყავით დაკავებული მაღალმთიან სოფლებში უსახლ-კარო მოხუცებისთვის საჭირო მედიკამენტებისა და პროდუქტების მიწოდებით.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ გავჩერებულიყავი ან უკან დამეხია. დაღლილობას ვერ ვგრძნობდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივწვდომოდი.

მჯერა, რომ პანდემიამ და მისმა გამოწვევებმა გააერთიანა მთელი ქვეყანა. ამ ერთიანობის მთავარი ნაპერწკალი კი წითელი ჯვრის მოხალისეებისგან წამოვიდა და სწრაფად მოედო მთელ საქართველოს.
როცა ბენეფიციარებს ტელეფონით ვუხსნიდი, რომ წითელი ჯვრიდან ვრეკავდი და მზად ვიყავი მათ დასახმარებლად, სანაცვლოდ მადლიერებასა და ზღვა დადებით ემოციებს ვიღებდი. მათი ის ემოციები არასოდეს დამავიწყდება.
იყო მოხალისე ნიშნავს კეთილი საქმეების კეთებას. და მას ყოველთვის მოაქვს ბედნიერება. მოხალისეობა, ჩემი აზრით, არის შთაგონება, რომ იპოვო ენერგია და ძალა შენში და მიაღწიო წარმატებას ცხოვრებაში. ვფიქრობ, მოხალისეობა არის ის, რაც გადაარჩენს სამყაროს.

ყველა ასაკისა და სოციალური სტატუსის ადამიანს ვურჩევდი, სწავლას, გართობასა თუ მუშაობას მოხალისეობაც შეუთავსოს. ეს ნამდვილად შესაძლებელია და რაც მთავარია, სასარგებლოა არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ თავად მოხალისეობაში ჩართული პირებისთვისაც – მათი სრულყოფილი რეალიზებისა და კეთილდღეობისთვის.