ჩვენ შევძელით, სრული დატვირთვითა და სრული შემადგენლობით გვემუშავა

ბაკურ ბაბუნაშვილი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომელი – ქუთაისის ფილიალი

პანდემიის საწყისმა რთულმა პერიოდმა, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, ბევრი რამ მასწავლა. უპირველესად, გუნდური მუშაობის უპირატესობა დამანახა; კრიზისულ მომენტში დროული რეაგირებისა და ეფექტური კოორდინირების კარგი გაკვეთილი მომცა.

კოვიდ-პანდემიის პირველ ეტაპზე საქმეს ის ართულებდა, რომ არავინ ვიცოდით, ვირუსი ჩვენამდე როდის მოაღწევდა – ინფიცირების მუდმივი საფრთხის ქვეშ ვიყავით.  თუმცა ფაქტია, რომ რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინებით, მოხალისეები ამ ვერაგ ინფექციას პანდემიის ყველაზე ძლიერი ტალღების დროსაც კი გადავურჩით.

სასიხარულო და საამაყოა ჩვენთვის, რომ მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ჩვენს ბენეფიციარებს მოხალისეების გვერდში დგომა და მხარდაჭერა, ჩვენ შევძელით, სრული დატვირთვითა და სრული შემადგენლობით 24/7-ზე გვემუშავა.