ყველაზე რთული იყო ქაოსსა და პანიკასთან ბრძოლა

გიორგი ბოლქვაძე
ადგილობრივი პროექტის კოორდინატორი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ბათუმის ფილიალი

დღეის მდგომარეობით, წითელი ჯვრის მხოლოდ ჩვენი რეგიონული ფილიალი 70 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა. და ეს ჩვენმა გუნდმა შეძლო – ჩვენი მოხალისეების დამსახურებაა.

კატასტროფებისთვის მზადყოფნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებისთვის ნაცნობი თემაა, რადგან ამ კუთხით ორგანიზაცია მუდმივ წრთვნებს გვიტარებს.

როგორც კი პანდემია დაიწყო, ყველაზე დიდი გამოწვევა საზოგადოებაში პანიკა იყო, რამაც ერთგვარი ქაოსი შექმნა. ჩვენი მისია იყო, გავმკლავებოდით ქაოსსა და პანიკას – ეს კი რაღაც ახალი ჩვენთვის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა იყო COVID-19-ის შესახებ ობიექტური და მკაფიო ინფორმაციის გავრცელება.

ამის მისაღწევად წითელი ჯვრის სპეციალური მომზადება გავიარეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავედით ველზე. ბევრ სფეროში მოგვიწია მუშაობა – ფსიქოსოციალური დახმარება, ამანათების განაწილება სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩართვა… უამრავი ამოცანა იყო ჩვენს წინ.

გარდა ამისა, ქალაქში გაშლილი გვქონდა პირველადი დახმარების კარვები, სადაც ადამიანები უფასოდ იკეთებდნენ Covid-19-ს დიაგნოზისთვის, PCR ტესტებს. ჩვენი მოხალისეები და თანამშრომლები დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა მაქსიმალურად მეტი გასაჭირში მყოფი ადამიანი და ოჯახი მოეცვათ.

მახსოვს, როდესაც მოხუცთა თავშესაფარში Covid-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა, საჭირო იყო დამატებითი პერსონალი მომვლელების დასახმარებლად, რადგან იყო უამრავი გადაუდებელი პრობლემა და რესურსების მნიშვნელოვანი ნაკლებობა. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც მათ დახმარების ხელი გავუწოდეთ.

 

ადრე ვინმეს რომ ეკითხა, შევძლებდი თუ არა პანდემიის პირობებში 24/7-ზე მუშაობას, დაუფიქრებლად ვუპასუხებდი, რომ ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. არადა, მე ეს შევძელი. მიხარია, რომ ეს ჩვენს გუნდთან ერთად გამომივიდა.