შორენა მარღანია
საფინანსო კოორდინატორი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
იზოლაციის ნაცვლად, ვარჩიე, თბილისის მუნიციპალურ ადმინისტრაციაში აქტიურად მემუშავა. ყოველმხრივ ვცდილობდი, ჩვენი პროექტის ფარგლებში, რაც შეიძლება, მეტ ბენეფიციარს დავხმარებოდი.
წითელ ჯვარში უკვე 10 წელია, ვმუშაობ და ეს ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის და როგორც ადამიანისთვის, ნამდვილად ღირებული გამოცდილება, დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა.
სწორედ ამიტომაც, პანდემიის დაწყებისთანავე მოხალისეების გვერდით დავდექი და მათთან ერთად ჩავერთე საქართველოს წითელი ჯვრის მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში. ჩემი მთავარი და ამბიციური ამოცანა, სურვილი და მოტივაცია ის იყო, რომ დავხმარებოდი ყველაზე დაუცველ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში.
ყოველ დილით, ოფისამდე მისასვლელ სრულიად ცარიელ ქუჩებს მივუყვებოდი და მიუხედავად უცნობი ვირუსის მიმართ ირგვლივ არსებული შიშისა, ერთი წამითაც არ გამივლია გულში, შევჩერებულიყავი, უკან დამეხია და უარი მეთქვა ჩემს საქმეზე. იზოლაციის ნაცვლად, ვარჩიე აქტიურად მემუშავა თბილისის მუნიციპალურ ადმინისტრაციაში და მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩვენი პროექტის ფარგლებში, რაც შეიძლება მეტ ბენეფიციარს დავხმარებოდი. – ვგულისხმობ, ძირითადად, მარტოხელა ადამიანებს, ხანდაზმულებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ ბინიდან გასვლას. ჩვენ მათ საჭირო საკვებისა და აუცილებელი მედიკამენტების მიღებაში ვეხმარებოდით.
კოლეგებთან ერთად, ფაქტობრივად, დღე და ღამე მუნიციპალური ადმინისტრაციის შენობაში ვმუშაობდი. დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ პროექტი არ შეფერხებულიყო და მაქსიმალურად ყველა მოწყვლად ოჯახს მივწვდომოდით. წარმოიდგინეთ, პანდემიის პირველ ფაზაში, დღის განმავლობაში, საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული 800-მდე ამანათი გაგვიგზავნია ჩვენი ბენეფიციარებისთვის.
აქტივობების პარალელურად, ბუნებრივია, გაურკვეველი ინფექციის მიმართ შიშიც გვქონდა. განსაკუთრებით, ოჯახის წევრებზე ვღელავდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ხანგრძლივი სამუშაო დღის ბოლოს, ჩემი სახლში დაბრუნებით მათ საფრთხეს არ შევუქმნიდი. მაგრამ უკან დახევაზე არ მიფიქრია – ვერ ვიტყოდი უარს ჩემს მთავარ მოვალეობაზე, დავხმარებოდი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს, თანაც ყველაზე რთულ – პანდემიის პერიოდში.