შესაძლებლობად ქცეული პანდემია

მანანა მუმლაძე
ფსიქოლოგი
ფსიქოლოგიური პირველი დახმარების ცხელი ხაზის ოპერატორი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ზოგადად, აქტიური ადამიანი ვარ – მუდმივად დაკავებული სხვადასხვა საქმიანობით; მუდმივად კონტაქტზე ადამიანებთან. პანდემიის პირველივე დღეებში ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ უნდა გამოვკეტილიყავი სახლში და საზოგადოებრივ საქმიანობას სრულად ჩამოვშორებოდი. რაღაც გაურკვეველი ინფექციის მიმართ შიში, გაურკვეველი სიტუაცია – ეს ყოველივე ძალიან რთული, აუტანელი და სრულებით წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.

ყოველთვის მინდოდა, წითელი ჯვრის მოხალისე გავმხდარიყავი. პანდემიის დაწყებისთანავე ვიგრძენი, რომ მოქმედების დრო დადგა. პირველივე დღეებიდან შევუერთდი წითელ ჯვარს.

ამ დროს ადამიანების უმეტესობა ფიქრობდა, საკუთარი თავი და ოჯახის წევრები როგორმე გადაერჩინა. მე კი მივხვდი, რომ იმ სტრესულ სიტუაციაში, რომელშიც მთელი ქვეყანა და მსოფლიო აღმოვჩნდით, უნდა მეფიქრა სხვების დახმარებაზე, რათა თავად გადავრჩენილიყავი.

ცხადია, თავიდან მეც მეშინოდა – ამ ვერაგი ვირუსის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვქონდა. შემდეგ ინფორმაციის გაზრდილმა ნაკადმა შიში ნელ-ნელა მომიხსნა. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პირველი, პიკური პერიოდის დროს, მე შესვენების გარეშე ვმუშაობდი; ჩემი ტელეფონი არასოდეს ითიშებოდა და მუდმივად ხაზზე ვიყავი.

უწყვეტი ზარები

პანდემიის დასაწყისში, ჩემს ტელეფონზე 50-60 ზარამდე შემოდიოდა. ბევრი რეკავდა, რომელიც სტრესში იყო, შიში ჰქონდა და არავინ ჰყავდა ირგვლივ, ვისაც ამას გაუზიარებდა; რეკავდნენ დახმარების სათხოვნელად; სოციალურ პროგრამებში ჩასართავად. მე და ჩემი კოლეგები მათ შესაბამის უწყებებთან დაუყოვნებლივ ვამისამართებდით.
მახსოვს ერთი შემთხვევა: ღამით რეკავდა სასოწარკვეთილი დედა, რომელსაც ჩვილი ჰყავდა გამოსაკვები – ლოქდაუნის გამო, გარეთ ვერ გადიოდა; რომც შეძლებოდა გასვლა, თანხა არ ჰქონდა საკვების შესაძენად. მაშინვე გადავამისამართე ქალი საჭირო სოციალურ პროგრამაში, მაგრამ რადგან ჩართვის პროცესი გარკვეულ დროს წაიღებდა, მანამდე მე და ჩემმა მეუღლემ ბინაზე თავად მივუტანეთ ბავშვის საკვები – ცხადია, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

ოჯახის მხარდაჭერა

ჩემი სულისკვეთება მალევე მთელ ჩემს ოჯახს გადაედო – მეუღლე და ბავშვებიც ჩაერთნენ მოხალისეობაში. ჩემს შვილებს თავიანთი სათამაშოები და ტანსაცმელი გამოჰქონდათ, მოწყვლად და მრავალშვილიან ოჯახებში დასარიგებლად.

პანდემია, როგორც შესაძლებლობა

შეიძლება ითქვას, მოხალისეობა ჩვენი ცხოვრების წესია – ამ საქმიანობაში მანამდეც ჩართულები გახლდით. ჩემი მეუღლე ქორეოგრაფია და კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილს მუდმივად ქველმოქმედებას ვახმართ. ამით ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს ვეხმარებით.პანდემიამ გვიბიძგა, რომ ეს ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობა სისტემაში მოგვექცია და გაჭირვებაში მყოფ მეტ ადამიანს მივწდომოდით.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების ეს რთული ეტაპი, გარკვეულწილად, შესაძლებლობაც აღმოჩნდა. რომ არა პანდემია, მე შეიძლება ჯერ კიდევ არ ვყოფილიყავი წითელი ჯვრის საზოგადოების წევრი, რომლითაც დღეს ასე ძალიან ვამაყობ.