ყოფილი მოხალისე არ არსებობს

მარიამ ნიკოლაშვილი
ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

10 წელზე მეტია, რაც საქართველოს წითელ ჯვარში ვარ. ამ ორგანიზაციის მეშვეობით აქტიურ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩავერთე.
რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მოტივაცია ის ჰუმანიტარული საქმიანობაა, რასაც წითელი ჯვარი ეწევა; რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ თვითგანვითარებასთან ერთად, სხვა ადამიანებს დავეხმაროთ და საზოგადოებისათვის სასიკეთო საქმე გავაკეთოთ.

ყოფილი მოხალისე არ არსებობს  – ერთხელ თუ ჩაერთე ამ საქმიანობაში, ის სამუდამოდ შენი სწრაფვაა. მეც ეს სულისკვეთება მამოძრავებს.

პასუხისმგებლობა

ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობას მუდმივად გრძნობს, თუმცა საგანგებო სიტუაციების დროს, ჩვენი როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პანდემიის გამოცხადების დღიდან, საგენგებო რეჟიმში ვმუშაობთ. პირველივე დღეებში უპრეცედენტო რაოდენობის სპონტანური მოხალისეების მობილიზება შევძელით. ძალიან სასიხარულოა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში უამრავმა ჩვენმა თანამოქალაქემ მოხალისეობის სურვილი და მზადყოფნა გამოხატა.  ჩვენი ვალი იყო, მოხალისეობის მსურველებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები გაგვეზიარებინა და ისინი საველე სამუშაოსთვის სრულყოფილად მოგვემზადებინა. ეს კი დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას მოითხოვდა.
ამის პარალელურად, მალევე შევქმენით პლატფორმა: help.redcross.ge სადაც სპონტანურ მოხალისეებს შეეძლოთ გაევლოთ ონლაინ რეგისტრაცია და კოვიდ პანდემიის საპასუხო ტრენინგ-მოდული, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი ავტომატურად ერთვებოდნენ მოხალისეობაში.
აქვე აღვნიშნაც, რომ ქვეყნის მასშტაბით, 39 ფილიალი გვაქვს და ყველა მათგანი დაკომპლექტებულია ჩვენი მოხალისეებით. მათი გადამზადება, შესაბამისად აღჭურვა და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო. საამისოდ ყველაფერი გაკეთდა.

შედეგად, საქართველოს წითელმა ჯვარმა, ქვეყნის მასშტაბით, 10 000-ზე მეტი სრულად მომზადებული მოხალისე ჩართო პანდემიასთან ბრძოლაში, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

აქტივობები, რომლებმაც რეალური შედეგები გამოიღო

პანდემიის განმავლობაში, საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების დახმარებით, ბევრი მნიშვნელოვანი აქტივობა განვახროციელეთ:

  • საინფორმაციო კამპანიები ქართულ და რამდენიმე სხვა ენაზე ეთნიკური უმცირესობებისთვის;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქციები – სუპერმარკეტებში ჰიგიენურ და სასურსათო ამანათებს ვაგროვებდით და ვურიგებდით მათ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო;
  • თერმოსკრინინგი და ვაქცინაციის პროცესში, რიგების მართვა;
  • საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ვაქცინაციის ცენტრები მცხეთასა და რუსთავში – დღემდე, ძირითად საქმიანობაში იქ მოხალისეები არიან ჩართულნი.
  • აქვე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის ცხელი ხაზი მთელი დატვირთვით მუშაობდა – ფსიქო-სოციალური დახმარების ცხელი ხაზის ამუშავებამ დიდი ძალისხმევა გასწია.
მთავარი შედეგი

დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გუნდი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ღირსეულად დახვდა. ამ ხნის განმავლობაში, შევძელით მივსულიყავით იმ ადამიანებამდე, რომლებსაც დახმარება სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ და რომელთაც იმედი და ცხოვრების ხალისი დავუბრუნეთ. ამისთვის რომ მიგვეღწია, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით და მუდმივად ხელმისაწვდომნი ვიყავით.

ვაღიარებ, ადვილი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, თითოეული გახარებული და იმედით აღვსილი ბენეფიციარი, მათი ღიმილი და მადლობა ყველაზე დიდი ჯილდო და მოტივაციაა ჩვენთვის.