ფაქტობრივად, დინების საწინააღმდეგოდ ვმოძრაობდით

ნინო ოჩხიკიძე

შინმოვლის მედდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

„როგორც კი პანდემია გამოცხადდა, ყველა შეიკეტა სახლში; ირგლივ ერთადერთი მოწოდება ისმოდა – დარჩით სახლში! – იზოლირდით, ნუ შეხვდებით ადამიანებს! სწორედ მაგ დროს წითელი ჯვრის მედდების მოვალეობა იყო, არ დავრჩენილიყავით სახლებში; რაც შეიძლება მეტ უცხო ადამიანს შევხვედროდით და მათთვის ჩვენი დახმარება / მხარდაჭერა მიგვეწვდინა. ფაქტობრივად, დინების საწინააღმდეგოდ ვმოძრაობდით. დაუჯერებელია, მაგრამ მე ისე გავიარე მთელი ეს სტრესული და საფრთხით სავსე პერიოდი, რომ კოვიდი არ დამდასტურებია. მგონია, რომ ამის მიზეზი რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა; ფსიქო-ემოციური მდგრადობა და ჩემი საქმის სიყვარულია“.

ვამაყობ იმით, რომ წითელი ჯვრის მედდა ვარ და შინმოვლის პროგრამის ეგიდით, სოციალურად დაუცველ, ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმულებს ვეხმარები. მათი უმეტესობა მარტოხელა და უმწეოა. ჩემი ყოველდღიური საქმიანობით კი თითოეულ მათგანს დაცულობის შეგრძნებას ვუღვივებ; ვაიმედებ და ვარწმუნებ, რომ ისინი მარტონი არ არიან.

ეს ძალიან დიდი პრივილეგიაა ჩემთვის.


შინმოვლის პროგრამა

ამ საქმით 8 წელია, დაკავებული ვარ. თავიდან მოხალისეობა დავიწყე, შემდეგ კი მიუსაფარი მოხუცების დახმარება ჩემს ერთადერთ საქმიანობად და უმნიშვნელოვანეს მოვალეობად იქცა.

საქართველოს წითელი ჯვრის შინ მოვლის პროგრამა ქვეყანაში ერთ-ერთია, რომელიც ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის უდიდეს საქმეს აკეთებს.

ყოველდღიურად უამრავი ადამიანი უკავშირდება ქალაქის მერიას იმისთვის, რომ აღრიცხვაზე ავიდეს და ჩვენს პროგრამაში მოხვდეს.

ბენეფიციართა სიებს ქალაქის მერია გვაწვდის.

შემდეგ წითელი ჯვრის ექიმი-სოც.მუშაკი ბინაზე მიდის, რათა შეაფასოს ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაზღვროს, კვირაში რამდენი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს; რა სახის დახმარებაა გასაწევი – მედიკამენტებით, ჰიგიენის/მოვლის საშუალებებით ა.შ.

ამის შემდეგ დგება გეგმა და საქმეში უშუალოდ შინმოვლის მედდები ვერთვებით.


პანდემია

მართალია, კოვიდ-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო დააყენა დიდი გამოწვევის წინაშე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩვენს ბენეფიციარებს გაურთულა ცხოვრება. მათთვის მანამდეც არ იყო ადვილი თავის გატანა, პანდემიის პირობებში კი ყოველდღიურობა მართლაც აუტანელი გახდა.

მარტოხელა მოხუცებს მანამდე თვეში ერთხელ მაინც მოინახულებდა ხოლმე ვინმე. პანდემიის პირობებში, აუცილებელმა სოციალურმა დისტანცირებამ კი მათთვის ეს შესაძლებლობაც მოსპო.

ამ სიტუაციაში სრულად ეკიპირებული წითელი ჯვრის მედდები ჩვენი ბენეფიციარებისთვის ერთადერთი ხსნა და შვება ვიყავით. ჩვენი ვიზიტისას ინფექციის შიში არ ჰქონდათ (მუდმივი ტესტები და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა ამის გარანტიას იძლეოდა) და თან, მაქსიმალურად ვეხმარებოდით, მათთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები თუ ყოველდღიური საზრუნავი მოგვეგვარებინა.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პაციენტებიდან, რომელთა უმეტესობა ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მატარებლები არიან, უმეტესობა კოვიდს გადაურჩა.

მათ კი, ვინც კოვიდით დაავადდა, თითქმის ყველა შემთხვევას თან ახლდა პოსტკოვიდური გართულებები, რომელთა მართვაშიც ჩვენი მედდები აქტიურად ვიყავით ჩართულნი. გართულებებს შორის გამოვყოფდი უპირველესად, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რომელიც პაციენტთა აბსოლუტურ უმრავლესობაში საკმაოდ მძიმედ გამოვლინდა. მედდებს აღნიშნულ გართულებაზე პასუხი ყველაზე მეტად გვიჭირდა, რადგან პანდემიით გამოწვეულ საკუთარ სტრესებთან გამკლავება თავადაც მთელი ძალით გვიწევდა.

პირადად მე საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ოჯახის წევრებისა და იმ ხანდაზმულების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაცია ჩემი ყოველდღიურობა იყო. ვაცნობიერებდი, რომ მათთვის ჩვენგან მიტანილი ინფექცია შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო.

და ეს დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა გახლდათ.

კარგი ისაა, რომ გადავრჩი! – ქვეყანაში ურთულესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დროსაც კი ავირიდე ინფექცია. რაც, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავდი და ამასთანავე, საკუთარ თავს დათრგუნვის, პანიკის, შიშის უფლებას არ ვაძლევდი. პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში, საკუთარ თავს ვუმეორებდი: ახლა ავად ყოფნის დრო არ არის; მე ადამიანების ჯანმრთელობა, მათი კეთილდღეობა და, პირდაპირი მნიშვნელობით, მათი სიცოცხლე მაბარია.

ჩვენი ბენეფიციარები ძალიან ხშირად მირეკავდნენ – ამოწმებდნენ, ხომ კარგად ვიყავი; ხომ შევძლებდი მათთან მისვლას; მახსენებდნენ, რომ მე მათი ერთადერთი იმედი ვიყავი. ეს ზარები წარმოუდგენელ ძალას მმატებდა.