სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს


ლალი დოლიძე
კატასტროფების მართვის ოფიცერი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
ამბროლაურის ფილიალი

ჩვენი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში ცხადი გახდა, რომ სიკეთე და მონდომება ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ ნამდვილად შეუძლებელი შევძელით.

პროექტი „სიკეთის კალათა“ პანდემიის პირველივე და ყველაზე სტრესულ ეტაპზე დავიწყეთ.  როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – ძალიან მოკლე დროში 70-ზე მეტი ამანათი შევაგროვეთ და თან, ეს შევძელით მხოლოდ ჩვენი პატარა ქალაქის ერთადერთ სუპერმარკეტში – მივხვდით, რომ პროექტი უნდა გაგვეგრძელებინა და გაგვეფართოებინა.

რაც მთავარია, იყო აქტიური კოორდინაცია ჩვენსა და ქალაქის მუნიციპალიტეტს შორის, რათა ზუსტად გვცოდნოდა ჩვენი მოსახლეობის რეალური გამოწვევები, საჭიროებები და დროულად მოგვეხდინა მათზე ადეკვატური რეაგირება.

გარდა ამისა, სოციალური დისტანციის თვალსაზრისით, საჭირო იყო რიგების მართვა ბანკებში, მაღაზიებში, კლინიკებსა და აფთიაქებში. ამ შემთხვევაშიც, მოხალისეების როლი გადამწყვეტი იყო. ჩვენი ჩართულობით შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია.

ამავდროულად, ჩვენ ჩავატარეთ აქტიური საინფორმაციო კამპანიები, რათა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას დავხმარებოდით, იმ პერიოდში დაწესებული ყველა შეზღუდვა სწორად გაეგოთ, მიეღოთ და პრაქტიკაში გაეტარებინათ.