პანდემია ოკუპაციის პირობებში

დავით დუდაევი
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – გორის ფილიალი

მოგეხსენებათ, გორი ახლოსაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან – ჩვენი ქალაქი და მიმდებარე სოფლები განსაკუთრებული სიმწვავით გრძნობენ მცოცავ ოკუპაციას და ისედაც სტრესულ გარემოში უწევთ ცხოვრება.

პანდემიამ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა და სირთულეები შექმნა. ამ დროს წითელი ჯვრის მოხალისეების ჩართულობა, ჩვენი თითოეული ვიზიტი და შეხება მოსახლეობასთან ძალიან დროული იყო – თითქოს ჩვენგან ელოდნენ გამოსავალს და იმედის თვალით გვიყურებდნენ.

COVID-პანდემიამ მოხალისეობის როლი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში და განსაკუთრებით კი გორის რეგიონში. გორი უკიდურესად ახლოს არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. მოსახლეობას აქ, ჩვენს ქალაქსა და მიმდებარე სოფლებში, ისედაც სტრესულ პირობებში  უწევს  ცხოვრება. პანდემიის დროს საგრძნობლად გაძლიერდა სტრესი და გაურკვევლობა. ჩვენი, როგორც მოხალისეების როლი იყო, ახლოს მივსულიყავით ადგილობრივ მოსახლეობასთან და აქტიურად გვემუშავა მათ დასახმარებლად, მათთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერისთვის და საჭირო ინფორმაციისა და რეკომენდაციების  გაზიარებისთვის.

სიხარულით აღვნიშნავ, რომ გორის რეგიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობაცა და იძულებით გადაადგილებული ოჯახებიც წითელი ჯვრის მოხალისეებს დიდი ენთუზიაზმით შეგვხვდნენ. ისინი იმედით ელოდნენ ჩვენს ყოველ გამოჩენას და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობებს არ იშურებდნენ.

რომ არა ეს კეთილგანწყობა, ალბათ, პანდემიის იმ რთულ და სტრესულ სიტუაციასთან გამკლავება მოხალისეებსაც ძალიან გაგვიჭირდებოდა.

მართლაც რთული დრო გამოვიარეთ, მაგრამ მოხალისეები 24/7 ვმუშაობდით და მიმაჩნია, რომ ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად წამოჭრილ გამოწვევას ღირსეულად დავხვდით.