ნინი ქავთარაძე
მოხალისეთა მართვის ოფიცერი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
სიკეთე, რომელიც პანდემიის დროს, მოხალისეებმა ვთესეთ, ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად დარჩა.
წითელი ჯვრის საზოგადოებას, როგორც თანამშრომელი, პანდემიის დროს შევუერთდი. თუმცა მანამდეც, მოხალისის სტატუსით, აქტიურად ვმონაწილეობდი ორგანიზაციის ჰუმანიტარულ ინიციატივებში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ყოველდღიურად, მოხალისეობაში ჩართვის სურვილით, უამრავი ადამიანი უერთდება. ეს პროცესი შეუქცევადი გახდა, რაც ძალიან მახარებს. მთავარი ბიძგი კი პანდემია აღმოჩნდა – კრიზისი, რომელმაც ყველა ერთმანეთის დასახმარებლად გაგვაერთიანა.
მახსოვს, პანდემიის პირველივე ეტაპზე, წითელი ჯვრის მოხალისეებში ძლიერი მოტივაცია და პოზიტიური მუხტი გაჩნდა. ვერ გეტყვით, რა იყო ამის მიზეზი – ალბათ, ადამიანების დახმარების ძლიერი სურვილი.
მაშინ, როდესაც ვრცელდებოდა მოწოდება, ყველა დავრჩენილიყავით სახლებში, ჩვენ ავდექით და 24-საათიან მოხალისეობაში ჩავერთეთ. ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე დავდექით. ჩვენი ამოცანა მხოლოდ ცნობიერების ამაღლება არ იყო, ასევე ქმედითი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ.
ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ასობით ოჯახში მივდიოდით და სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს ვარიგებდით; მოსახლეობას ფსიქო-ემოციურ დახმარებას ვუწევდით და იმ ურთულეს დროში, თავის გადასარჩენად სწორ მიმართულებას ვაძლევდით.
ყველა მოხალისე სათანადოდ მომზადებული იყო – მანამ, სანამ ველზე გავიდოდით, ჩვენ საჭირო ინფორმაციაც გვქონდა და ფსიქოლოგიური ტრენინგებიც გავლილი გვქონდა. სხვაგვარად ვერ შევძლებდით იმ სტრესთან გამკლავებას, რომელსაც ყოველ სამუშაო დღეს ვაწყდებოდით.
ყოველდღიურად უამრავ მარტოხელა, ხანდაზმულ, სოციალურად დაუცველ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს ვხვდებოდით და ვეხმარებოდით. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მათი სიხარულის ცრემლები, მადლიერება და გახარებული სახეები ძალების მოკრებაში გვეხმარებოდა. ეს იყო ზღვა ემოციებით დატვირთული რთული და დაუვიწყარი პერიოდი.
მახსოვს, როცა სასურსათო ამანათებს ვარიგებდით, დილას ერთ-ერთმა მოხალისემ ხანდაზმული მარტოხელა ბენეფიციარისთვის, დედის ხელით მოქსოვილი წინდა მოიტანა. ეს ძალიან ემოციური ამბავი იყო და საოცარი ბიძგის მომცემი ჩემთვის…
ის სიკეთე, რაც პანდემიის დროს მოხალისეებმა ვთესეთ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დარჩა.