მოხალისეობა ჩემი მოწოდებაა


სალომე დოლიძე
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ბათუმის ფილიალი

იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების მძიმე პერიოდში მოხალისეები ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ბენეფიციარებს გარესამყაროსთან ვაკავშირებდით და მათ იმედით ვავსებდით.

3 წელია, რაც წითელი ჯვრის გუნდის წევრი ვარ. ზოგადად, ვიყო მოხალისე და ვაკეთო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე, ჩემი მოწოდებაა. ეს მაძლევს ძალას და მისწრაფებას თვითგანვითარებისა და წარმატებისკენ.

რომ შევაჯამოთ, ყველაზე ღირებული, რაც პანდემიის პირობებში გაწეულმა სამუშაომ მომცა, არის ხანდაზმული ბენეფიციარების მადლიერება და სითბო. მათი ყოველი მადლობა შთამაგონებდა, რომ კიდევ უფრო მეტი მეშრომა, საქმეში მეტი ენთუზიაზმი ჩამედო.

არასოდეს დამავიწყდება ჩვენს ბენეფიციარებს შორის, ერთი მოხუცი, საწოლს მიჯაჭვული ქალბატონი, რომელსაც გადაადგილება, მოძრაობა, გარეთ გასვლა არ შეეძლო. მისთვის ყოველი ჩვენი ვიზიტი შვება იყო. ჩვენ მას გარე სამყაროსთან ვაკავშირებდით, ვანუგეშებდით და იმედით ვავსებდით.

რაც შეეხება ჩემს ემოციებს, დიახ, თავიდან დაბნეული ვიყავი და მეშინოდა კიდეც, მაგრამ ეს დროებითი რეაქცია იყო. მალევე მოვახერხე  ჩემს ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება და თანდათან  საველე სამუშაოებიც გაადვილდა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გვიტარებდა ტრენინგებს და გვაძლევდა ზუსტ ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით პანდემიის დროს. ამ სახის მომზადებამ დადებითად იმოქმედა ჩვენს ეფექტიანობასა და საველე სამუშაოებში ქმედით ჩართულობაზე.