შალვა ომარაშვილი
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
„ჩემთვის მთავარი სტიმული ისაა, რომ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში ვეხმარები. წითელი ჯვრის მოხალისეობა შესაძლებლობაა, ბენეფიციარების მდგომარეობა შევამსუბუქო. და ეს ყოველივე ენერგიით მავსებს“.
პანდემიის დაწყებისთანავე დავუკავშირდი საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციას. მოხალისეობის პირველივე დღეებში საინფორმაციო კამპანიაში ჩავერთე. მოსახლეობაში კოვიდ-19-ის შესახებ საინფორმაციო ფლაერებს ვარიგებდი. იმისთვის, რომ საველე სამუშაოზე მომზადებული გავსულიყავი, წითელი ჯვრის ექსპერტებისგან მოკლე ინსტრუქციებს ვიღებდი, ბეჭდურ მასალას დარიგებამდე, ჯერ თავად ვეცნობოდი. თანამშრომლებისგანაც მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას.
შემდეგ ჩავერთე საქველმოქმედო კამპანიაში – „ჩვენ ვეხმარებით, თქვენც დაეხმარეთ“. ინიციატივის ფარგლებში, მოხალისეები მეგა მარკეტებში ვიყავით გადანაწილებულები და საყიდლებზე მისულ ხალხს ვთავაზობდით, ქველმოქმედებაში ჩართულიყვნენ და არამალფუჭებადი პროდუქტი იმ ადამიანებისთვის შეეძინათ, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. შემდეგ კი ჩვენ მიერ შეგროვილ ამანათებს მოხალისეთა სხვა ჯგუფები ბენეფიციარებს ბინაზე აწვდიდნენ.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე კი სამედიცინო ცენტრებში თერმოსქრინინგითა და რიგების მართვით ვარ დაკავებული.
დარჩი სახლში ყველას ეხებოდა, მაგრამ ჩვენ არა
ცხადია, რისკის ქვეშ ვიყავი. მოხალისეები 24/7-ზე წინა ხაზზე ვიდექეთ მაშინ, როცა იზოლაცია იყო რეკომენდებული. მაგრამ ის გახარებული მოხუცები და ბავშვები მახსენდებოდა, რომელთაც ჩვენი საქმე და ჩვენი ჩართულობა აბედნიერებდა და ეს ისეთი ემოციური იყო და ისეთი შემართებით მავსებდა!
საღამოს, ძილის წინ როცა ვიხსენებდი, თუ რამდენ ადამიანს, რამდენ ოჯახს დავეხმარე, დაღლილობის შეგრძნება სრულებით ქრებოდა.
აღსანიშნავია, რომ კორონა ვირუსით არ დავინფიცირებულვარ მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის განმავლობაში, ლოქდაუნის დროსაც კი ვმუშაობდი.
ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩემი ფსიქოლოგიური განწყობა იყო – არ მეშინოდა ამ ინფექციის; ასევე შემართება – ვაკეთებდი სიკეთეს; და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა – პირბადე, სადეზინფექციო ხსნარი, დისტანცია. – ვფიქრობ, ყველა ფაქტორმა ერთად იმუშავა.
გარდა ამისა, კვირაში ერთხელ ან ორჯერ წითელი ჯვრის ფსიქოლოგებთან სატელეფონო კონსულტაციას გავდიოდი. ამას ემატებოდა ფსიქო-სოციალური დახმარების ტრენინგები.
მთავარი რჩევა
ახალბედა მოხალისეებს ვურჩევდი, დასვან შეკითხვები და არ მოერიდოთ დახმარების თხოვნა, თუ ეს დასჭირდებათ. წითელ ჯვარში დასახმარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად ყოველთვის მზად ვართ.