თუ პაციენტი გიყვარს, ჩვენს საქმესთან გამკლავება იოლია

ინგა ჭიკაძე
შინმოვლის მედდა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

„პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ხანდაზმულ ბენეფიციართა დარწმუნება, რომ კოვიდ-19 რეალური საფრთხე იყო და არა გამოგონილი პრობლემა“.

ინგა ჭიკაძე საქართველოს წითელი ჯვრის შინ მოვლის მედდაა. ის 8 წელზე მეტია, მუშაობს ქრონიკული დაავადებების მქონე, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებთან; მათ ყოველდღიური სირთულეების დაძლევაში ეხმარება; აქტიურადაა ჩართული მათი დაავადებების მართვაში და ცდილობს, იყოს ამ ადამიანების მხარდამჭერი და საყრდენი რთულ სიტუაციებში.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ის პანდემიის დასაწყისში შეეჯახა, იყო ხანდაზმული პაციენტების დარწმუნება, რომ კოვიდ-19 რეალური საფრთხე იყო და არა – გამოგონილი პრობლემა. რთული აღმოჩნდა უმწეო და მარტოხელა ბენეფიციარების დაყოლიება, მკაცრად დაეცვათ სოციალური დისტანცირება. რადგან მანამდე მათთვის ერთადერთი სიხარული და შვება სწორედ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საუბარი იყო.  ახალი რეალობა პირბადეებითა და სრული იზოლაციით უბრალოდ, მიუღებელი იყო მათთვის. მაგრამ ინგას დამაჯერებლობამ, მოთმინებამ და პროფესიონალიზმმა საბოლოოდ მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშა.


ჩემი სტიმული

ნებისმიერი საქმე, რასაც აკეთებ, შენში უნდა იწვევდეს სიამოვნებას. ჩემთვის ადრენალინი, პოზიტივი და სტიმული არის ჩემი ბენეფიციარი, რომელიც მელოდება; რომლისთვისაც ჩემი დახმარება, ჩემი ყოველი ვიზიტი შვებაა. ჩემი ბენეფიციარებიდან რამდენიმეა, რომლებიც მთხოვენ, რომ წინასწარ არ დავრეკო მათთან და არ შევუთანხმო ვიზიტის დრო. ურჩევნიათ, ყოველ დღე მელოდონ და ჰქონდეთ იმედი, რომ აი, ახლა შევაღებ კარს.

– წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად ემოციური შეიძლება იყოს ჩემთვის?

ჩემი საქმიანობა შინაგან კმაყოფილებას მანიჭებს – ვიცი, რომ კარგ საქმეს ვემსახურები; სწორი გზით მივდივარ ცხოვრებაში და მიმაჩნია, რომ ეს მთავარია ფიზიკური კეთილდღეობისთვისაც და სულიერების თვალსაზრისითაც.

ოქროს შუალედი

ჩვენ, შინ მოვლის მედდები სამედიცინო პროცედურებს სახლის პირობებში ვაკეთებთ – გადასხმა, კათეტერის ჩადგმა და ა.შ.  – ამ დროს მარტო ხარ და აბსოლუტურად ყველაფერზე თავად ხარ პასუხისმგებელი. კლინიკაში უფრო ადვილია – პროფესიონალთა არმია და საჭირო ინფრასტრუქტურა გიმაგრებს ზურგს.

სიმართლე გითხრათ, რთული სამედიცინო მანიპულაციების შემდგომ გართულებებზე ბევრს ვფიქრობ და განვიცდი ხოლმე, მაგრამ ამის პარალელურად, საკუთარი ძალების მობილიზება და ემოციების მართვაც შემიძლია ისე, რომ მომდევნო ბენეფიციართან ვიზიტზე განახლებული ენერგიითა და სრული კონცენტრაციით გადავინაცვლო.

თვითგანვითარება

თვითგანვითარება აუცილებელია ჩემთვის. მუდმივად ვიძიებ განახლებულ ინფორმაციას კონკრეტულ დაავადებებზე, სიმპტომებზე, მართვის მეთოდებზე. უახლესი გაიდლაინების გაცნობა ჩემი ყოველდღიურობაა.

წითელი ჯვარიც მნიშვნელოვნად გვეხმარება – გვაქვს რეგულარული გადამზადების კურსები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები…

რჩევა კოლეგებს

პირველ რიგში ადამიანები უნდა გიყვარდეს. ემპათია აუცილებელია – ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე – საკუთარი თავი მათ ადგილას წარმოიდგინო და იფიქრო, ამ მდგომარეობაში რეალურად რა დაგეხმარებოდა.
თუმცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზიტის დასრულებისთანავე აუცილებლად, იქვე უნდა დატოვო მთელი ემოციები და მომდევნო ბენეფიციართან წინა ვიზიტის ემოციებისგან სრულად დაცლილი უნდა მიხვიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ემოციები საქმეში ხელს შეგიშლის და ადვილად გამოიფიტები.
ასევე მუდმივად უნდა იზრუნო თვითგანვითარებაზე; ბენეფიციართან მომზადებული უნდა მიხვიდე და მას სწორი რჩევები მისცე – ის, რაც მას ნამდვილად დაეხმარება და მდგომარეობას შეუმსუქებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ნდობისა და პატივისცემის დამსახურება გაგიჭირდება.