ადამიანებს დღემდე უჭირთ, მოგვმართონ ფსიქოლოგიური დახმარების თხოვნით

ნინო სირაძე
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

დამხმარის ფსიქოლოგიური პროფილი გულისხმობს, რომ ის არის გულანთებული, განწყობილია დასახმარებლად, ძალიან მოტივირებული მოდის. შესაბამისად, ძალიან რთულია, დამოუკიდებლად დაარეგულირონ სამუშაო გრაფიკი – ვინმემ ნება რომ მისცეს, შეიძლება, გადაბმულად 48 საათიც კი იმუშაონ. ჩვენი მოვალეობაა მათთვის სამუშაო გრაფიკების შეთავაზება; მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერის შეთავაზება – ვგულისხმობ ტრენინგებს ან ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ კონსულტაციებს.

 

პირველი რეაგირება

პანდემიის პირველივე დღეებიდან მოქალაქეებისთვის ფსიქოლოგიური პირველი დახმარების გასაწევად, ცხელი ხაზი ავამუშავეთ. ამ გზით, მოქალაქეებს COVID-19-ის შესახებ, ინფორმაციას ვაწვდიდით და საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამის სერვისებში ვამისამართებდით.
მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ, პანდემიის პირობებში, ადამიანებთან პირისპირ კონტაქტი შეუძლებელი იყო – ველზე ვერ გავიდოდით და უშუალოდ ვერავის დაველაპარაკებოდით. ამიტომ ჩვენი რესურსის უდიდესი ნაწილი და მთელი ჩვენი ძალისხმევა სატელეფონო მხარდაჭერისკენ მივმართეთ.
იმისთვის, რომ გადამისამართება ყოფილიყო შედეგიანი, მარტის დასაწყისშივე ჩვენ შევქმენით ფსიქიკური ჯანმრთელობის საკოორდინაციო პლატფორმა, სადაც გავაერთიანეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველა აქტიური სერვისი – არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო ინსტიტუციები, პროფესიული ჯგუფები და ა.შ. შესაბამისად, როცა მოქალაქე ჩვენს ცხელ ხაზზე რეკავდა, მას მოხალისე ფსიქოლოგი პასუხობდა და პირველ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა. საჭიროების შემთხვევაში კი სხვა, შესაბამის სერვისში ამისამართება. ამ რეჟიმში მუშაობას დღემდე განვარგრძობთ; საკოორდინაციო პლატფორმა კვლავაც აქტიურია.
თვისებრივად, პანდემია განსხვავდება სხვა კრიზისული სიტუაციებისგან, რადგან ამ შემთხვევაში, ადამიანებს საფრთხის შესახებ (ვგულისხმობ უცნობ ინფექციას) ამომწურავი ინფორმაცია არ აქვს. ეს გაურკვევლობა კი შფოთვას ამძაფრებს. საქართველოს წითელი ჯვრის ცხელი ხაზის მთავარი ამოცანაც ეს იყო – მოსახლეობაში გამძაფრებულ შფოთვას გამკლავებოდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის შემთხვევა  ჯერ დაფიქსირებულიც არ იყო, როცა ჩვენს ორგანიზაციაში უკვე აქტიურად ითარგმნებოდა და იბეჭდებოდა საინფორმაციო მასალები ამ ინფექციის შესახებ; ასევე სტრესის ამოცნობისა და მასთან გამკლავების საკითხებზე. ცნობიერების ამაღლების მიზნით კი ნაბეჭდი მასალა საზოგადოებაში ფართოდ ვრცელდებოდა.

 

დამხმარე პერსონალი ყურადღების ცენტრში

გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციაში ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებდით ველზე მომუშავე თანამშრომლებსა და მოხალისეებს.  განსაკუთრებით, პიკურ პერიოდებში ისინი ემოციური გადაწვის საფრთხის წინაშე იდგნენ.  საპრევენციო ზომებს (ტრენინგები, საჭირო ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების მიწოდება) დაუყოვნებლივ მივმართეთ. თუმცა ეს, ცხადია, საკმარისი ვერ იქნებოდა.  ამიტომ მათ მუდმივად ვთავაზობდით ადგილზე, ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას; რეგულარულად ვმართავდით თემატურ ჯგუფურ შეხვედრებსაც – მაგ: სტრესი და მასთან გამკლავება; ემოციური კეთილდღეობა; პირველი ფსიქოლოგიური დახმარება თანაგუდნელებისთვის; სტრესის სიმპტომების ამოცნობა; რეაგირების გზები და ა.შ.

გარდა ამისა, საქართველოს წითელ ჯვარში აქტიურად მიმდინარეობდა მოხალისეთა ფსიქოლოგიური მომზადება/ტრენირება მანამ, სანამ ისინი ველზე გავიდოდნენ. ეს აუცილებელი იყო ჩვენი მოხალისეების ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად და მათი ემოციური მედეგობის შესანარჩუნებლად.

 

თუკი დახმარება გჭირდებათ

მოსახლეობაში ჯერ კიდევ კრიტიკულად დაბალია ცნობიერების დონე იმასთან დაკავშირებით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური (და ზოგჯერ, შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც კი იყოს). ადამიანებს დღემდე უჭირთ, მოგვმართონ ფსიქოლოგიური დახმარების თხოვნით. მაგალითად, სამედიცინო პერსონალში, რომელმაც პანდემიის პიკური და უმძიმესი სტრესული პერიოდები სულ ახლახან გადაიტანა და ჯერ კიდევ საგანგებო რეჟიმში რჩება, მკაფიოდ ვხედავთ, რომ ფსიქოლოგიური დახმარების რეალური საჭიროება დგას. ამის მიუხედავად, ისინი აღნიშნულ დახმარებას აქტიურად არ ითხოვენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი.

 

რა იქნება ხვალ

მსოფლიოს მასშტაბით, სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ პანდემია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კვალს აუცილებლად დატოვებს – ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები მხოლოდ კრიზისის მიმდინარეობისას არ არის გადამწყვეტი. კრიზისის შემდგომი რეაგირება არანაკლებ მნიშვნელოვანია. – ამ ფაზაში აქტიური დაკვირვება, კვლევების წარმოება აუცილებელია, რადგან მონაცემები, რომლებსაც სამომავლოდ დავეყრდნობით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული უნდა იყოს. მოგეხსენებათ, დაუშვებელია, რომ ჩვენს სფეროში ვარაუდის საფუძველზე მოხდეს ჩარევები.
მაგალითად, ბოლო კვლევებმა აჩვენეს, რომ პანდემიის განვლილმა პერიოდმა ბავშვების სოციალურ უნარებზე უკვე იმოქმედა.
რაც მეტი დრო გავა, შედეგებს კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახავთ.