ბენეფიციარებისთვის ყველაზე მთავარი – იმედი და შვება მიგვქონდა

რომეო მალაზონია
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება – ზუგდიდის ფილიალი

მოხალისეობა 2015 წელს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დავიწყე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სიკეთის კეთებასთან ერთად, ეს საქმე თვითრეალიზების, საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრების, თვითგანვითარებისა და დადებითი ცვლილებების მოხდენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პანდემიის დროს ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, როცა ჩვენი ძალების მაქსიმალური დემონსტრირება მოვახდინეთ.

როგორც კი საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაგვიკავშვირდა და დაიწყო მოხალისეების გადამზადების პროცესი. ცხადია, იმ დღიდანვე ჩავერთე ტრენინგებში.

კი, დასაწყისში შიში იყო, მაგრამ მეორე მხრივ, სასიამოვნო მომენტადაც მახსენდება ის, რომ დილით თენდებოდა და ჩემს ტელეფონზე ზარი არ წყდებოდა – მუნიციპალიტეტები ერთმანეთის მიყოლებით ითხოვდნენ ჩვენს ჩასვლას და ტრენინგების ჩატარებას სპონტანურად შექმნილი მოხალისეების ჯგუფების გადასამზადებლად.

დღეის მონაცემებით, მხოლოდ ჩვენი ძალებით, 500-ზე მეტი სპონტანური მოხალისე მოვამზადეთ და ჩავრთეთ საველე სამუშაოში, პანდემიის პიკურ პერიოდებში.

უზარმაზარი სტიმული იყო ჩვენთვის ის მადლიერება და კეთილი სიტყვები, რასაც ბენეფიციარებისგან ვიღებდით.   წითელი ჯვრის ჟილეტით რომ დაგვინახავდნენ, ისე უხაროდათ! – მათთვის ნამდვილად შვება და იმედი ვიყავით.

ჩვენ არამარტო ჰუმანიტარული დახმარებას ვუწევდით მათ, მოხუცებისთვის შეშა მიგვქონდა; საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში გადაგვყავდა; მივდიოდით მხოლოდ იმიტომ, რომ გავსაუბრებოდით, გაგვემხნევებინა, საჭირო რეკომენდაციები გადაგვეცა.

დღეს რომ ვუფიქრებდი, პანდემიის დროს, მასობრივი ლოქდაუნის დროს, სახლში არ ვყოფილვარ, ველზე ვათენებდი და ვაღამებდი. მე ეს სტრესული პერიოდი აქტიურ მუშაობაში გართულმა გავატარე; ფიქრისთვის, განცდებისა და დეპრესიისთვის დრო არ დავიტოვე – ჩემი გონება მომართული იყო მხოლოდ იმისკენ, რომ რაც შეიძლება, მეტ ადამიანს მივწვდომოდით; გასაჭირში მყოფ მეტ ოჯახს დავხმარებოდით; მეტი მოხუცი თუ ბავშვი გაგვემხნევებინა.

 

სანამ მოხალისე გავხდებოდი, ერთი ჩაკეტილი ახალგაზრდა ვიყავი, რომელსაც შეხვედრაზე შეკითხვის დასმაც კი ერიდებოდა. დღეს მაქსიმალურად გახსნილი ადამიანი ვარ – ჩვენი საზოგადოების აქტიური წევრი; ჩემს მიზნებში, ინტერესებსა და გადაწყვეტილებებში სრულებით დარწმუნებული.