თამარ ოდილავაძე
შინმოვლის ექიმი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გუნდს პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე შევუერთდი. თავად პანდემიამ ტრაგიკული გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე – COVID-19-ის გამო, მეუღლე დავკარგე და დავრჩი სრულებით მარტო.
მიჭირს შეგუება იმ ფაქტთან, რომ მისი გადარჩენა ვერ მოვახერხე. ჩემი სამსახურის, ჩემი კოლეგებისა და იმ გუნდის გარეშე, რომელიც ჩემთან ერთად იდგა პანდემიის ყველაზე რთულ მომენტებში, არც კი ვიცი, ამ უმძიმეს პირად ტრაგედიას როგორ გავუმკლავდებოდი.
ამჟამად, წითელი ჯვარი 200-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბენეფიციარის შინ მოვლას ახორციელებს. მათი უმრავლესობა ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული პაციენტია.
ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი ჩემი მოვალეობაა. სოციალურ მუშაკებთან და სახლში მოვლის ექთნებთან ერთად, მე ვარ პასუხისმგებელი თითოეული ბენეფიციარისთვის ჯანმრთელობის მართვის გეგმის შემუშავებაზე, ვიზიტების სიხშირის და მათთვის აუცილებელი სამედიცინო პროცედურების გადაწყვეტაზე.
პანდემიის დროს, ჩვენი ბენეფიციარები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფი გახლდათ. ისინი მძიმე სტრესში აღმოჩნდნენ, რადგან მათი უმეტესობა მარტოხელა ადამიანები არიან, თანმდევი დაავადებებითა და გარე სამყაროსთან შეზღუდული კავშირით. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი გუნდი იყო მათთან, არ დაგვიტოვებია ისინი მზრუნველობისა და მხარდაჭერის გარეშე. ხანდახან ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა, მაგრამ პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა მმატებდა ძალას, მუდმივად მობილიზებული ვყოფილიყავი, რათა კრიტიკულ მომენტში ჩემს პაციენტებს სათანადოდ დავხმარებოდი.
აუცილებლად უნდა ვთქვა: ერთი მომენტიც კი არ მახსენდება, როდესაც ჩვენი გუნდის რომელიმე წევრს დაბნეულობა, შიში ან პანიკა შევატყე. ეს ალბათ წითელი ჯვრის გამოცდილების გამოა. რეალურად, წარმოუდგენლად მოკლე დროში გახდა შესაძლებელი ჩვენი სამუშაოს სრულად გადაწყობა და მისი მორგება პანდემიის მოთხოვნებთან.
ჩვენი შინ მოვლის ექთნები სრულად უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა დამცავი ინვენტარით, ინდივიდუალური ტრანსპორტით, ბინათაც კი, როცა ეს საჭირო იყო. ამრიგად, ყველა პირობა გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი ბენეფიციარები ამ ვერაგი და უცნობი ვირუსისგან.
პანდემიის პიკური პერიოდების დროს, ჩემს ტელეფონზე ზარი არასოდეს წყდებოდა. დღეში 20-ზე მეტ სატელეფონო ზარზე მიწევდა პასუხის გაცემა. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, თავად მივდიოდი სასწრაფო ვიზიტებზე და ჩვენს პაციენტებს დახმარებას ვუწევდი. ვინაიდან ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულ კოლაფსში იყო, ფაქტობრივად სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმების მოვალეობებსაც მე ვასრულებდი. – კი, ეს ნამდვილად იყო დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა. მახსოვს, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა დღის განმავლობაში თერთმეტჯერ დამირეკა – ამტკიცებდა, რომ ვერ სუნთქავდა და საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. ადგილზე მისვლისას კი აღიარებდა, რომ უბრალოდ, ეშინოდა და სურდა, მის გვერდით ვყოფილიყავით… მართლაც, მძიმე პერიოდი გავიარეთ.
თუმცა, სიამაყით ვამბობ, რომ, სირთულეების მიუხედავად, ჩვენ წარმატებით გადავლახეთ პანდემიის პიკური ფაზები და შევძელით ის, რომ ჩვენს ბენეფიციარებს შორის, არავინ დაინფიცირებულა – ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში, COVID-19-ის ერთი შემთხვევაც კი არ გვქონია. მხოლოდ მოგვიანებით, როცა უფრო მსუბუქი ვარიანტები გავრცელდა, გვქონდა ინფექციის რამდენიმე შემთხვევა. თუმცა არც ერთ ჩვენს პაციენტს არ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – ვირუსის მართვა ბინაზეც წარმატებით მოვახერხეთ.
ეს ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის პოზიტიურმა შედეგმა სრულიად გადაფარა ჩვენი წარსული ემოციური თუ ფიზიკური დატვირთვა და გადაღლა; შეგვიმსუბუქა ის პირადი ტკივილები, რომელთან ერთადაც გვიწევდა დღე და ღამე მუშაობა პანდემიის იმ პირველ, მძიმე და გაუსაძლის პერიოდში.