ელენე წალდაძე
მოხალისე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
პირველად მოხალისეობა მამაჩემმა დაიწყო. მისი მაგალითი ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის მთავარი სტიმული იყო, თავადაც დავკავებულიყავით ამ საქმიანობით.
სულ მალე მე და ჩემი ძმაც შევუერთდით წითელ ჯვარს.
ჩვენი ჩართულობა პანდემიის პერიოდში უფრო გავააქტიურეთ.
ლოქდაუნის დროს ბენეფიციარებს ბინაზე საკვებ პროდუქტებს ვაწვდიდით; ჰიგიენის საშუალებებით ვამარაგებდით.
უმწეო ხანდაზმულების შინმოვლის პროგრამაში ჩავერთეთ; ასევე იმუნიზაციის ცენტრებში კოვიდ-19 ვაქცინაციის რიგების მართვით ვიყავით დაკავებულნი.
ახლა უკვე, უკრაინის ომის პირობებში, ჩვენი აქტივობები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და მათ დახმარებას მოიცავს.
კოვიდთან პირველი შეხება
თავიდანვე მობილიზებული შევხვდი პანდემიას. ემოციების, შიშისა და დეპრესიისთვის ადგილი არ დავტოვე. საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ საფრთხე არ მელოდა და მაქსიმალურად უნდა ჩავრთულიყავი მათ დასახმარებლად, რომლებიც ამას რეალურად საჭიროებდნენ.
ზოგადად, ყველაფერს პოზიტიური ჭრილიდან ვუყურებ და მგონია, რომ მოხალისეობაში ეს თვისება ძალიან მეხმარება.