პანდემია, როგორც თვითგანვითარების შესაძლებლობა

 

ნინო მდივანი
ცხელი ხაზის ოპერატორი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

პანდემია ახალი დაწყებული იყო, როდესაც გავიგე, რომ  საქართველოს წითელი ჯვარი ფსიქოლოგებს ეძებდა, რომლებიც ცხელი ხაზის ოპერატორებად იმუშავებდნენ. ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი –  რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს ემოციების გაზიარება და საჭირო ინფორმაციის მიღება სჭირდებოდათ.

პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს  უნიკალური შესაძლებლობა იყო ჩემს სფეროში თვითრეალიზებისთვისაც და ადამიანების დასახმარებლადაც.

და ეს გამოწვევა მივიღე.

პანდემია, როგორც თვითგანვითარების შესაძლებლობა

თავდაპირველად ყველამ პანდემიასთან ბრძოლა დავიწყეთ. არადა პანდემია ის მოვლენა არაა, რომელიც ერთი ხელის მოსმით შეიძლება დაასრულო (და ფაქტი სახეზე გვაქვს). რადგან შტამები მუდმივად იცვლება, მიმაჩნია, რომ მასთან ადაპტაცია უნდა ვცადოთ და ცხოვრება სრულყოფილად განვაგრძოთ.

პირადად მე ვეცადე, ამ გზით წავსულიყავი და COVID-19-ის გამოწვევაში შესაძლებლობები მეპოვნა.

თუ დაუკვირდებით, ვირტუალური საკომუნიკაციო პლატფორმების, ონლაინ სასწავლო რესურსების გამოყენების ბუმი სწორედ პანდემიის პერიოდში დაიწყო.

მეც გადავწვიტე, რომ ეს დრო აღნიშნული რესურსების მოძიებასა და თვითგანვითარებისთვის მაქსიმალურად გამომეყენებინა. გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა.  სოციალური დისტანცირების რთულ პერიოდში შევძელი, რომ ჩავრთულიყავი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სასწავლო ცენტრების, ასოციაცებისა და პროფესიული გაერთიანებების ინიციატივებში; მათგან მიმეღო განახლებული ინფორმაცია; ჩავრთულიყავი დისკუსიებსა და ფორუმებში.

გუნდის მხარდაჭერა

იოლი არ არის დღის განმავლობაში ზარების უწყვეტი ნაკადის მიღება; თითოეული ბენეფიციარის მიმართ საჭირო ემპათიის გამოხატვა; მის პრობლემებში მაქსიმალური გარკვევა და ამავე დროს, ზღვარის გავლება, რათა საკუთარი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დაიცვა და დღის ბოლომდე შრომისუნარიანობა შეინარჩუნო.

ამიტომაც კოლეგები რეგულარულ შემაჯამებელ შეხვედრებზე ვიკრიბებით; ვაწყობთ კონსილიუმებს, სადაც რთულ ქეისებსა და ჩვენს რეაგირებებს განვიხილავთ; ვარჩევთ ხშირი მომართვიანობის მიზეზებს; ვსაუბრობთ იმ მეთოდებზე, რომლებიც ოპერატორებს მდგრადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

ახალბედა თანამშრომლებს ვურჩევ ხოლმე, რომ სამუშაოს განმავლობაში მაქსიმალურად დაიხარჯონ. დარწმუნდნენ, რომ ბენეფიციარს ბოლომდე მოუსმინეს, მისთვის შესაბამის პროგრამაში ჩართეს, სრულყოფილი და ეფექტიანი დახმარება გაუწიეს. ეს მათ კმაყოფილების, სისავსის შეგრძნებას მიანიჭებს და სტრესისგან მაქსიმალურად დაიცავს.

ბენეფიციარები

501 105 – ცხელი ხაზის ამ ნომერზე დარეკვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ზარები, ძირითადად, სოციალური შემწეობის მაძიებელთაგან შემოდის.

ბოლო პერიოდში გაზრდილია ფსიქიკური პრობლემების გამო განხორციელებული ზარების რაოდენობაც. მათთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარება ჩვენი მოვალეობაა. თუ მივიჩნიეთ, რომ ბენეფიციარს მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური პრობლემა აქვს, მას სპეციალურ ინსტიტუციასა თუ პროგრამაში ვამისამართებთ.

ხშირად რეკავენ ბენეფიციარები, რომლებსაც მძიმე დაავადების მქონე ოჯახის წევრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავთ დარჩენილი და სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ესაჭიროებათ.

ახლა უკვე ომის პირობებში, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებსაც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, რათა საჭირო ინფორმაციაც მიიღონ და ფსიქოლოგიური დახმარებაც.