„IPP ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებს, სახელმძღვანელოებსა და ცალკეულ მეთოდებს, ჩვენს სფეროში ერთ დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა საჭირო პროფესიული ინფორმაციისა, პლატფორმა მოიცავს ველზე მომუშავე სპეციალისტების ისტორიებს, რომელთა განზოგადება და საერთო გამოწვევის ჭრილში განხილვაა შესაძლებელი”.
გაიცანით ნინო სირაძე
საქართველოს წითელ ჯვარს 2008 წლის ბოლოს, ომის შემდეგ შევუერთდი. იმ დროიდან ჩართული ვარ ფსიქოსოციალური მხარდაჭერის – MHPSS – კომპონენტის გაძლიერებასა და განვითარებაში. ეს კი გულისხმობს შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას, MHPSS გუნდების შესაძლებლობების გაზრდას, დამხმარე პერსონალზე ზრუნვას და ა.შ.
IPP-ის პროექტი რეალურ შესაძლებლობას იძლევა, შეაფასოს ყველა ის გამოწვევა, რომლის წინაშეც, ფსიქოემოციური თვალსაზრისით, ველზე მომუშავე ჩვენი პერსონალი დგას; უკეთ წარმოაჩინოს მხარდაჭერის სისტემაში არსებული ხარვეზები და სპეციალისტებისთვის ფუნქციური ონლაინ ბიბლიოთეკა შექმნას. აღნიშნული რესურსი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საშუალებაცაა – პლატფორმა, სადაც დარგის ექსპერტები კონკრეტული კვლევების შედეგებსა და მიგნებებს გვაწვდიან და გვთავაზობენ კონკრეტულ ინსტრუმენტებს სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის დასაძლევად.
მოხარული ვარ, რომ IPP პროექტში აქტიურად ვარ ჩართული. – კვლევის პროცესში, აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობა; ველზე მომუშავე მოხალისეების ისტორიების შეგროვება; ონლაინ ბიბლიოთეკის მეშვებით, პროფესიული რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების გაზიარება ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, საინტერესო და ღირებული პრაქტიკაა.
IPP-ის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ დამხმარე პერსონალში მაღალია სტრესის დონე, ინფექციის მიმართ შიში, სამუშაოს მიმართ მაღალი პასუხისმგებლობა და ძლიერი შფოთვა; სირთულეები სამუშაოს ახლებურ პირობებთან შეგუებისას; გამოწვევები ინფიცირების გაზრდილი რისკებისა და იზოლაციის გამო და ა.შ.
წინა ხაზზე მომუშავე პერსონალში ხშირად ვაწყდებით ფსიქოსოციალური დახმარების მიმღებლობასთან დაკავშირებულ ბარიერებსაც. დამხმარე პერსონალთაგან ბევრი „გმირის“ არქეტიპში ჩარჩენის ტენდენციას ამჟღავნებს. არადა, საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი მუშაკები ემოციური გადაწვისა და გამოფიტვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან, რაც თავისთავად ძალიან საყურადღებოა.
კვლევამ აჩვენა, რომ ადეკვატური ფსიქოსოციალური მხარდაჭერის საჭიროების წინაშე ვდგავართ – როგორც ინსტრუმენტულ, ასევე საინფორმაციო, ორგანიზაციულ და ფსიქოსოციალურ დონეზე.
IPP ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელიც აერთიანებს საუკეთესო პრაქტიკებს, სახელმძღვანელოებსა და ცალკეულ მეთოდებს, ჩვენს სფეროში ერთ დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა საჭირო პროფესიული ინფორმაციისა, პლატფორმა მოიცავს ველზე მომუშავე სპეციალისტების ისტორიებს, რომელთა განზოგადება და საერთო გამოწვევის ჭრილში განხილვაა შესაძლებელი.
მაგრამ ცვლილებები ორგანიზაციულ დონეზეც განსახორციელებელია – საჭიროა, ველზე მომუშავე პერსონალისთვის მეტი ფსიქოემოციური საყრდენი გამოიძებნოს; ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული სტიგმა დაიძლიოს; ცნობიერების ამაღლების მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს და საკუთარი ძალების დაზოგვისთვის თუ კოლეგების მხარდაჭერისთვის, საჭირო ინსტრუმენტები უფრო აქტიურად გაზიარდეს.