ეა სიუზან აკაშა

უფროსი ტექნიკური მრჩეველი
IFRC ფსიქოსოციალური მხარდაჭერის რეფერალური ცენტრი

“მე IFRC ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ცენტრის ტექნიკური მრჩეველი ვარ კოპენჰაგენიდან. ჩემი საქმიანობა ევროპის რეგიონის საგანგებო სიტუაციებზე ვრცელდება. ფსიქომოტორული თერაპია ჩემი სპეციალობაა. აქედან გამომდინარე, აქტიური და სენსორული მეთოდების გამოყენებით, ფსიქოემოციური მედეგობის შენარჩუნება/გაძლიერება ის მიმართულებაა, რომელსაც მთელ ჩემს ენერგიას ვუთმობ”

ეა სიუზან აკაშა
უფროსი ტექნიკური მრჩეველი
IFRC ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ცენტრი

გაიცანით ეა სიუზან აკაშა

საგანგებო სიტუაციაში მრავალწლიანმა საველე სამუშაო გამოცდილებამ ცხადყო, რომ დამხმარე პერსონალისთვის უმთავრესი ამოცანა ემოციური ზღვარის დაწესება და საკუთარი ძალების დაზოგვაა. რაც მთავარია, ეს რეკომენდაცია ფრონტში მომუშავე თითოეული სპეციალისტისთვის ყოველდღიურ პრაქტიკად უნდა იქცეს და არ უნდა დარჩეს უბრალო რჩევად ფარატინა ფურცელზე. რაც შეეხება ჩემს როლსა და წვლილს IPP-ის პროექტში, ვუძღვები სემინარებს პროფესიონალებისთვის, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები, სტრესული ფაქტორები და მათთან გამკლავების მეთოდები გაუზიარონ.

სემინარებზე ვიხილავთ ველზე თანაგუნდელების გამხნევებისა და მათი მხარდაჭერის გზებს.

ეჭვგარეშეა, რომ პანდემია და ხანგრძლივი დროის მანძილზე გაურკვეველი სიტუაცია დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. პანდემიის დროს ახალ-ახალ სიტუაციებთან და ინფორმაციასთან შეგუება ისე გვიწევდა, რომ წარმოდგენა არ გვქონდა, აღნიშნულ პირობებში კიდევ რამდენ ხანს ვიცხოვრებდით ან საერთოდ დასრულდებოდა თუ არა ის. ცხადია, ეს მძიმე გონებრივი და ემოციური დატვირთვაა! ურთულესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ველზე მომუშავე დამხმარე პერსონალი.ცხადია, ეს მძიმე გონებრივი და ემოციური დატვირთვაა! მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვის პარალელურად, მძიმე და ხშირ შემთხვევაში 24/7-ზე მუშაობა მოუხდათ, რაც უხშირესად, ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ შესაძლებლობებს აღემატება.

ტრენინგების განმავლობაში, ყურადღებას ვამახვილებთ პანდემიის განმავლობაში განცდილ თითოეულ დანაკარგზე და ამავე დროს, ვიხსენებთ ყველა იმ მიგნებასა თუ გაკვეთილს, რაც განვლილმა რთულმა პერიოდმა მოგვცა. როგორც წესი, ეს ის მომენტია ხოლმე, როცა მონაწილეები ტკივილს თვალს უსწორებენ და ასევე ბოლომდე აცნობიერებენ პანდემიისას მიღებულ ყველა მნიშვნელოვან მიღწევასა თუ მონაპოვარს. ცვალებად დროში ცხოვრების უნარი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ფაქტია, მისი ათვისება და შესწავლა, ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს.